სერგი კაპანაძე - მიუხედავად ახალი გარემოებებისა, კვანძი ჯერ არ გახსნილა და არ დადგენილა, ვინ მოკლა დავით სარალიძე
დეპუტატის, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიას ორი უმძიმესი ასპექტი აქვს, ერთი – მოზარდების ჩხუბი და შედეგად ორი მოზარდის მკვლელობა, მეორე კი, სისტემური პრობლემა, რომელიც მისივე თქმით, აღნიშნულმა ტრაგიკულმა ფაქტმა გამოავლინა.
ამის შესახებ სერგი კაპანაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
„არანაკლებ შემაძრწუნებელი იყო ის სისტემური პრობლემა, რომელიც გამოაჩინა ამ ტრაგიკულმა მკვლელობამ და შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები სამართალდამცავ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს სახეზე შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილია ორი მოზარდი. ერთ-ერთ მათგანს აქვს 12 ჭრილობა მიყენებული და როგორც გამოძიების და სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად აღმოჩნდა, გაურკვეველია ვინ ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. მხოლოდ გარდაცვლილის მამის, ზაზა სარალიძის აქტიურობის და მის მიმართ უპრეცედენტო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგი არის ისიც, რომ თქვენ დღეს აქ მოგიწიათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – მიმართა დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე სერგი კაპანაძემ.
მისი შეფასებით, ასევე საზოგადოებრივი წნეხის შედეგია, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.
„სწორედ საზოგადოებრივი წნეხის შედეგია, რომ ეს საქმე არის თავიდან გამოძიებაში შსს-ში. სწორედ ეს უწყება იძიებდა პირველ ეტაპზე ამ საქმეს. ახლა, როდესაც პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არამარტო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წინაშე, არამარტო ამ ტრაგედიით დაზარალებული ადამიანების წინაშე, არამედ მთელი საზოგადოების, იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ჩვენ აგვირჩია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ის მოუწოდებს ყველას, საქმეს მიუდგნენ გახსნილი გონებით, წინასწარი განზრახვების, სტერეოტიპების, წინასწარ არსებული დამოკიდებულებების გარეშე.
„მინდა ყველას მოვუწოდო – ნაცვლად იმისა, რომ ერთი მხრივ, თავისი განცხადებებით თუ ქმედებებით ხელი შეუშალონ საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მოახდინონ მისი დემონიზება და მოახდინონ იმის ხაზგასმა, რომ ეს იქნება არაეფექტური, ნაცვლად იმისა, რომ თქვენს საჯარო გამოსვლებში მოახდინოთ ერთი რომელიმე წინასწარი ვერსიის „გაპრავება“ და გამეორება იმ ვერსიების, რომელიც გვესმის ბოლო თვეების განმავლობაში, მოგიწოდებთ, ამ საქმეს მივუდგეთ გახსნილი გონებით, ყოველგვარი წინასწარი განზრახვების, სტერეოტიპების, წინასწარ არსებული დამოკიდებულებების გარეშე. ამ კომისიაზე მოვიყვანოთ ყველა ის ადამიანი, რომელთა მიმართ შეიძლება არსებობდეს კითხვები. მიუხედავად მათი თანამდებობისა, მათი ყოფილი თანამდებობისა, მათი პოლიტიკური წონისა, თუ ასე შემდეგ დავუსვათ ეს კითხვები, ჩამოვართვათ ახსნა-განმარტებები და შემდეგ ყველამ ერთად დავდოთ კვალიფიციური დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს, თუ რა მოხდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების მიუხედავად, კვანძი ჯერ არ გახსნილა და არ დადგენილა, ვინ მოკლა დავით სარალიძე.
„არ დაგავიწყდეთ არც ერთს, მიუხედავად ახალი გარემოებებისა, ახალი დაკავებული ადამიანებისა, საბოლოო ჯამში, ეს კვანძი ჯერ არ გახსნილა, არ დადგენილა, ვინ მოკლა ზაზა სარალიძის შვილი – დავით სარალიძე, არ დადგენილა გარემოებები და არ დადგენილა, ვინ დააფარა ხელი“, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა პარლამენტის სხდომაზე.