სერგი კაპანაძე - კონგრესმენები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, წლებია, საქართველოს თვალს ადევნებენ
კონგრესმენები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, რა ხდება და შეფასება, რომ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, სირაქლემას პოზიციაში ყოფნაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ. წერილშია აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.
კაპანაძის შეფასებით, კონგრესმენების კრიტიკული წერილი აშშ-ის და კონგრესის დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
„კონგრესმენების ძალიან კრიტიკული წერილი აშშ-სა და მთლიანად კონგრესის ძალიან ნიშანდობლივი დამოკიდებულებაა. აღნიშნულ წერილზე საუბარი და თქმა, რომ ეს მხოლოდ ოთხი კონგრესმენის წერილია 400-ზე მეტი კონგრესმენისგან, არის ჩვეულებრივად სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აგონებენ ამას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, ვინ არიან აღნიშნული წერილის ავტორი კონგრესმენები.
„ესენი არიან საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანახელმძღვანელები რესპუბლიკელებიდან და დემოკრატებიდან. გარდა ამისა, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან ხელმძღვანელები. ეს პრაქტიკულად მთლიანად კომიტეტის პოზიციაა. რეალურად ხელმომწერებს შორის არის ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც საქართველოზე მუშაობს. ამის შეფასება, რომ არასწორია და ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, სირაქლემას პოზიციაში ყოფნაა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, კონგრესმენები წლებია, თვალს ადევნებენ ვითარებას საქართველოში და ძალიან კარგად არიან ინფორმირებული.
„ეს კონგრესმენები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, რა ხდება, წლებია, საქართველოს თვალს ადევნებენ და არც დიმიტრი ხუნდაძის და არც რომელიმე რიგითი „ქოცი“ დეპუტატის წერილი ამ სიტუაციას არ გამოასწორებს. კონგრესმენებმა დამოკიდებულება რომ შეიცვალონ, ქვეყანაში ხელისუფლების პოზიცია რადიკალურად და დრამატულად უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში, საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში და ასევე, პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შეფასებები აუცილებლად გაგრძელდება და ჯამში, ქვეყნის რეპუტაციასაც დააზარალებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.