სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს წარადგენს.
დეპუტატის თქმით, დასკვნა გამოქვეყნებულია, უკვე ძალაშია და არანაირ დამტკიცებასა და მიღებას არ საჭიროებს.
„დასკვნაში საუბარია ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც რეალურად ნათელს ფენს იმას, თუ რა მოხდა ხორავას საქმეზე. დამატებითი მტკიცებულებები აღმოვაჩინეთ, რაც მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მოზარდი მ.კ. ჩხუბში ფიგურანტი იყო და დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა. შესაბამისად, მის მიმართ ბრალი უნდა იყოს წარდგენილი. დავადგინეთ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უამრავი დარღვევა, ასევე კონკრეტული პირები, რომლებმაც დარღვევების გამო პასუხი უნდა აგონ. ამ კონკრეტულ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას ვითხოვთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
კაპანაძე დასკვნის შესახებ უმრავლესობის შეფასებებსაც გამოეხმაურა.
„ოპონენტების სამწუხარო დამოკიდებულებაა, რომ დასკვნა პოლიტიკურია. როგორც სახალხო დამცველის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები მოვისმინეთ. როგორც აქამდე, ახლაც მარტოა ხელისუფლება ყველას წინააღმდეგ. არავინ საუბრობს, რომ დასკვნა პოლიტიზებულია და ამ დასკვნაში მოყვანილი რეკომენდაციები თითქოს სამართლებრივ არგუმენტებს არ ეფუძნება. ყველა რეკომენდაცია, მათ შორის დევნასა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე მტკიცებულებებს ეფუძნება და მასში პოლიტიკური შეფასება არ არის. მიმაჩნია, რომ იმ უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ უზარმაზარ დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გადაყენებული უნდა იქნენ“, – დასძინა კაპანაძემ.