სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხები არ ჩანს
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ძალიან ბევრი კითხვაა, რაზეც საქმიდან გამომდინარე პასუხები არ ჩანს, კითხვები კი ეხება როგორც ერთი მიმართულებით წაყვანილ გამოძიებას, ასევე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ჩატარდა ან არ ჩატარდა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღეს დაზარალებულ ოჯახებს მოუსმენენ.
„კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო, ყველა მასალას გავეცანით, რაც შემოვიდა როგორც სასამართლოდან, ასევე სამართალდამცავი ორგანოებიდან. ახსნა-განმარტებების მოსმენას ვიწყებთ. პირველად დაზარალებულთა ოჯახებს მოვუსმენთ. ამის შემდეგ სხვა ფიგურანტებზე გადავალთ, მათ შორის ,სამართალდამცავ უწყებებზე. კითხვები ბევრია. დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, რათა ნათელი მოეფინოს, რა მოხდა და შემდეგ ეს საქმე ბოლომდე რატომ არ მიიყვანეს. თუ ამ კითხვებზე პასუხები მოცემული არ იქნება, კიდევ უფრო მეტი ეჭვი გაჩნდება.
ყოველი სხდომის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. დავიბარებთ ყველას, მათ შორის შოთაძეს და სხვა ადამიანებს, რომელთაც გამოძიებასთან პირდაპირი შემხებლობა ჰქონდა. ამ პროცესში იმუნიტეტი არავის არ ექნება.
ორშაბათ-სამშაბათს ვის დავიბარებთ, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ. მიმაჩნია, რომ უნდა დავიბაროთ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ბრალდებული მხარის. საქმიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, შოთაძის დაბარება როდის სჯობს. დაზარალებულ მხარესთან გვექნება კითხვები იმის თაობაზე, რა ინფორმაციას ფლობენ და მიიღეს. ეს იქნება მათი თხრობა და მათი მხრიდან დანახული ტრაგედია”, – განაცხადა კაპანაძემ.