სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმეების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს
სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმეების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოწმეთა დიდი რაოდენობა გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„მოწმეების გამოკითხვებს მომდევნო დღეებსა და კვირებშიც გავაგრძელებთ, რადგან, როგორც ჩანს, არის მოწმეების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს და ჩვენ ახლა, ბევრი თვის შემდეგ, გვიწევს ამ ხალხთან შეხვედრა“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ და ტრაგედიის დეტალები გამოჰკითხეს.

„მათაც ვეკითხებოდით იმ დეტალების შესახებ, რაც შეიძლება დაინახეს და დღეისთვის ახსოვდეთ. სამწუხაროდ, ეს გამოკითხვები თავიდანვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ჩატარდა. რაც შეეხება ახალ დეტალებს, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან კიდევ რამდენიმე თვითმხილველს უნდა მოვუსმინოთ. ეს ინფორმაცია შეჯერდება და დასკვნების გაკეთება ამის შემდეგ შეგვეძლება. ამ დასკვნებს თქვენ ყველანი უკვე კომისიის სხდომებზე მოისმენთ. შედეგი სხდომა შაბათს, ასევე ორშაბათსა და სამშაბათს იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟში ჩართული პოლიცია, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მოწმემ კომისიის სხდომაზე დაადასტურა.

„გუშინ ეს ინფორმაცია ოთარ კახიძემ ახსენა. მან გაიმეორა ის, რაც ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კიდევ სხვა მოწმეების ჩვენებებსაც უნდა გავეცნოთ და შეჯერების შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვეძლება. ამ დასკვნებს აუცილებლად გავაკეთებთ. უბრალოდ ერთი და ორი მოწმის ნათქვამის ასე პირდაპირი გამეორება და აქედან დასკვნის გამოტანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მის მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის გამოკითხვის პროცესი მედიისთვის დახურულია. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.