სერგი კაპანაძე - ხმამაღალი ტონით საუბარი არის ტაქტიკის ნაწილი, გაღიზიანებული ვარ, რადგან თავს ვგრძნობ მოტყუებულად
სერგი კაპანაძე - ხმამაღალი ტონით საუბარი არის ტაქტიკის ნაწილი, გაღიზიანებული ვარ, რადგან თავს ვგრძნობ მოტყუებულად

ხმამაღალი ტონით საუბარი არის ტაქტიკის ნაწილი, გაღიზიანებული ვარ, რადგან თავს ვგრძნობ მოტყუებულად, – ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, სადაც პერიოდულად ხმაური იყო.

სერგი კაპანაძე აცხადებს, მომ კომისიის არცერთი წევრი არ უნდა აყენებდეს არავის შეურაცხყოფას, არც ერთმანეთს, არც მოწვეულ სტუმრებს, ოღონდ შეურაცხყოფა არ არის არც ხმამაღალი საუბარი არც დაჟინებული კითხვის დასმა და არც კითხვის გამეორება.

„მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვები არავინ არ გამოვიყენოთ. ჯერ ეს პრაქტიკა აქ არ ყოფილა, ხმამაღალი ტონით საუბარი არის ტაქტიკის ნაწილი მათ შორის და შეიძლება იყოს გაღიზიანების გამომხატველი. მაგალითად, დღეს მე გეტყვით, რომ ვარ გაღიზიანებული, იცით რით? გავიგე, რომ პროკურორი რა ვერსიასაც ავითარებდა, შსს-ს სხვა ვერსია ჰქონია და გულწრფელად გეტყვით, რომ ვარ გაღიზიანებული ამით. თავს ვგრძნობ მოტყუებულად. აქ მოვიდა პროკურორი, მოგვიყვა ერთი ვერსია, იცავდა ამას კბილებით შეეცადა, რომ ეს დაგვეჯერებინა და დღეს მოვიდა შსს და გვითხრა, რომ თურმე სხვა ვერსია ყოფილა. მოტყუებული ვარ, ნამდვილად ვარ შეურაცხყოფილი ამით. იმედი მაქვს, თქვენც შეურაცხყოფილი ხართ ამით, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო ამბავი. ასევე, ვარ შეურაცხყოფილი იმით, რომ ბატონი იოსებ სიგუა არ მობრძანდა დღეს და ასევე კეთილი არ ინება და უბრალოდ SMS-იც კი არ გამოგვიგზავნა. ამით ვარ ნამდვილად შეურაცხყოფილი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის მიერ ნახსენებ ვერსიებს რაც შეეხება, მან დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიასა და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ვერსიებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

კერძოდ, როგორც ირაკლი ფიფიამ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, როცა დავით სარალიძემ გ.ჯ. ფარდულში შეაგდო, მას ფარდულში მ.კ და ასევე, დ.ღ. შეჰყვნენ. კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელ ფიფიას პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტება მოასმენინეს, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ფარდულში დავით სარალიძეს ჭრილობებს აყენებდნენ, მ.კ. ამას ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით ხედავს და ფარდულისკენ მიემართება.

ირაკლი ფიფიამ განაცხადა, რომ პროკურორ ფხაკაძე სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობოდა, რომელსაც თავად არ იცნობს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ კი ეჭვი გამოთქვა, რომ პროკურორს ფხაკაძეს შესაძლოა, საუბრის დროს ინიციალები შეეშალა.