სერგი კაპანაძე - კარგი იქნებოდა, პრემიერს საკუთარი განცხადება და საქართველოს ინტერესები უკეთ განემარტა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იზრუნოს.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვითარება, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის მიერ, რუსეთის მიმართ გაკეთებული ცუდი მიმართვით შეიქმნა, ჯანსაღი არ არის და ქვეყანას აზიანებს.
„ვითარებაში, რომელშიც დღეს ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მთავრობა ძლიერი ჩანდეს და არა – სუსტი. პრემიერის განცხადება ქვეყანას ასუსტებს და იმის ილუზიას ქმნის, თუ პირდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ახლა რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე გადავდივართ, მათ შორის სოხუმთან პირდაპირი დიალოგისა და ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, სჯობს, ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იზრუნოს. სერგი კაპანაძის შეფასებით, ჟენევის ფორმატის შეცვლის შემთხვევაში, რუსეთს მედიატორის სტატუსი ექნება და მისი, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსი დაიკარგება, რაც საქართველოს ინტერესებში არაა.
„თუ პრემიერის განცხადებაში ეს არ იგულისხმებოდა, კარგი იქნებოდა, მას საკუთარი განცხადება და საქართველოს ინტერესები უკეთ განემარტა. იმაზე ფიქრი ილუზიაა, რომ შეიძლება იმ შეთავაზებიდან რაიმე კარგი გამოვიდეს, რაც რუსეთის სამ აბზაციან განცხადებაში თითქოს გაჟღერდა”, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, დეპუტატი ყურადღებას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზეც ამახვილებს და არ გამორიცხავს, რომ დღეს საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაციები გაიმართოს. მისი თქმით, ოპოზიცია უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდება, მიიღებს თუ არა ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხში შეიძლება, ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ პასუხი საუბრისთვის სივრცეს ტოვებს.