დავით უსუფაშვილი - რუსეთმა თქვა, კარგია, რომ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მზად ხართ, მაგრამ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან ჩვენ რა შუაში ვართო
დავით უსუფაშვილი - რუსეთმა თქვა, კარგია, რომ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მზად ხართ, მაგრამ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან ჩვენ რა შუაში ვართო

პრემიერის წერილში ნახსენები ფრაზები, „აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მზად ვართ“, რუსეთმა გადათარგმნა და თქვა, რა კარგი ბიჭები ხართ, გონს მოდიხართ, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით საქართველოსთან ურთიერთობისთვის, ოღონდ იმ საქართველოსთან, რომელიც აფხაზეთის და ოსეთის გარდა დარჩაო, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„რუსეთმა თქვა, კარგია, რომ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მზად ხართ, მაგრამ იმ საკითხებს რაც შეეხება, რაზეც უნდა ისაუბროთ, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ჩვენი, რუსეთის და დანარჩენი საქართველოს ურთიერთობების ფორმატს სცილდებაო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის პრაქტიკულად, არა მხოლოდ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ყველაზე დელიკატური და საფრთხილოა.

„პრემიერმა პატარა შეცდომა დაუშვა, დიდი შეცდომა, თუ დიდ გარღვევას მიაღწია, ამაზე მსჯელობას უნდა მოვრჩეთ, რადგან ეს ქვეყნისთვის სასიკეთო არაა. ჩავთვალოთ, რომ ტატუნაშვილის თემით შეწუხებულმა და დამძიმებულმა პრემიერმა არც თუ მთლად პოლიტიკური, მაგრამ ადამიანური ნაბიჯი გადადგა და რუსეთის ხელმძღვანელობასაც მიმართა, ამ საქმეში მოგვხმარებოდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, სიღრმეებში რაც უფრო ჩავალთ, საქართველოს რუსეთთან პოზიციონირებას მით უფრო დავაზიანებთ.

„ამიტომ ვამბობ, რომ გაუთავებელი პედალირება იმაზე, შეცდომა სად იყო და საქმე რაშია, ჩვენ გვავნებს, რადგან ჩვენს საუბარს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა არ ისმენს და ჩვენ თვითონვე არ უნდა შევქმნათ აჟიოტაჟი, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ 2008 წლის ომთან, ოკუპაციასთან, უცხოეთთან ერთად რუსეთთან ურთიერთობის ფორმატთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება შეცვალა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რას გულისხმობს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი და ვის უნდა ესაუბროს საქართველო იმ პირობებში, როცა ამ ტერიტორიებზე უკვე სამი თაობა გაიზარდა, ეს ადამიანები დე ფაქტო ხელმძღვანელებს ირჩევენ და მათ თავიანთ წარმომადგენლებად მიიჩნევენ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არის თემები, რომელზეც ის, როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გარკვეულ პროცესებში ჩახედული და ზოგადი ინფორმაციის მქონე პირი ვერ ისაუბრებს.

„ზოგადად, დე ფაქტო ხელისუფლებების დე ფაქტო წარმომადგენლებთან დე ფაქტო ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს. ეს ურთიერთობები კონკრეტულ სფეროში არსებობს და აუცილებელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.