დავით უსუფაშვილი - რუსეთი დაინტერესებულია, ჟენევის ფორმატს თავი დააღწიოს, რადგან ეს არ სჭირდება
დავით უსუფაშვილი - რუსეთი დაინტერესებულია, ჟენევის ფორმატს თავი დააღწიოს, რადგან ეს არ სჭირდება

გამოსავალი საპოვნელია, მაგრამ აფხაზეთი ჟენევაში ისე უნდა იჯდეს, როგორც ზის და არა როგორც სახელმწიფო, ჩვენ მიერ აღიარებული, თუ არაღიარებული, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა. მან ამ განცხადებით ირაკლი აბსანძის კითხვას უპასუხა, შევიდა თუ არა ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებები ჩიხში და უნდა ვიპოვოთ თუ არა გამოსავალი.

„ამ ეტაპზე, ჟენევაში ზის რუსეთი–საქართველო და ევროკავშირი–აშშ. აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის იმ არაღიარების პოლიტიკის ქვაკუთხედი, რომ დანარჩენი მსოფლიო აფხაზეთს არ აღიარებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ჟენევის ფორმატი ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველო რუსეთის პირისპირ საკითხებს იმ ვითარებაში იხილავს, როცა მაგიდის გარშემო ჩვენი დასავლელი პარტნიორები სხედან.

„ამ ფორმატის მნიშვნელობა თავისთავად მის არსებობაშია. რუსეთი დაინტერესებულია, ჟენევის ფორმატს თავი დააღწიოს, რადგან ეს არ სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ფორმატის პირობებში რამე ხელშესახებ გარღვევებს ვერ მივაღწიეთ, იმას ვახერხებთ, რომ სარკოზის შეთანხმების შემდეგ, რუსეთი ამ მაგიდაზე მიჯაჭვული რჩება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, „ჟენევის ფორმატში წინა და ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს, მეტი მივიღოთ, მაგრამ აქ ერთი ხიფათია – ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რაც ჟენევის ფორმატს დაშლის, ან რამეთი ჩაანაცვლებს“.

როგორც გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე – რამ შეიძლება დაშალოს ჟენევის ფორმატი, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, შესაძლოა, რუსეთმა თქვას, რომ მხარე აღარ არის, საქართველო მასთან პირდაპირ საუბრისთვის მზადაა და ევროკავშირი და აშშ აღარ სჭირდება.

შეკითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი პრემიერის წერილიდან ეს ასე წაეკითხათ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერის მიმართვაში ბევრი საკითხი ერთობლივად, ერთმანეთთან კავშირის გარეშე იყო წამოწეული.

„პრემიერის ამბობს, რომ მზადაა, პროცესში ჩაერთოს. მისი მზაობა გასაგებია, მაგრამ სხვა ვინ არის მზად? თუ ჟენევაში ახლა უკვე პრემიერს ელოდებიან?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.