გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის პასუხში შეიძლება, ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის პასუხში შეიძლება, ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის

რუსეთის პასუხში შეიძლება, ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ასეთი სივრცე შეიქმნას და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება.

„მინდა, აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია – ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს.

ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას 12 მარტს უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.