სერგი კაპანაძე - ჩემ მიერ ინიცირებული რეკომენდაციები მყარია და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალებიდან გამომდინარეობს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას რეკომენდაციები სხვა მიმართულებებითაც ექნება, – ამის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მათ ორი რეკომენდაცია გააცნეს.
სერგი კაპანაძის თქმით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს კომისიის მუშაობის მიმდინარეობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე და პროცესზე, რომელიც არის კომისიაში, ასევე რეკომენდაციებზე, რომელიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და განხილული უნდა იყოს კომისიაზე. დღის წესრიგის მიხედვით, დღეს გვექნება აღნიშნული რეკომენდაციების განხილვა და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი თქმით, კომისიას სხვა რეკომენდაციებიც ექნება.
„აღნიშნული რეკომენდაციები არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენ გამოვეცით. მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, როცა შევხვდებით არასრულწლოვნებს, დავკითხავთ სხვა მოწმეებს, კონკრეტული რეკომენდაციები სხვა მიმართულებებითაც გვექნება, ისევე, როგორც იქნება საბოლოო დასკვნა“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ინიცირებული რეკომენდაციები მყარია და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალებიდან გამომდინარეობს.
„რეკომენდაციები, რომელიც ინიცირებულია არის მყარი, გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მიმაჩნია, ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა თავის დროზე გამოძიებას, არსებულთან შედარებით, დღე სხვა შედეგი იქნებოდა “,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრაზე რეკომენდაციებს გაეცნენ. დახურულ შეხვედრაზე ორი რეკომენდაცია განიხილეს, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გასულ კვირაში ისაუბრა – ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება და ასევე, კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.