სერგი კაპანაძე - არ მგონია, ფრენების აკრძალვა 100 პროცენტით აისახოს რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე, საქართველოში მოსახვედრად არსებობს სხვა გზებიც
სერგი კაპანაძე - არ მგონია, ფრენების აკრძალვა 100 პროცენტით აისახოს რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე, საქართველოში მოსახვედრად არსებობს სხვა გზებიც

არ მგონია,  პუტინის გადაწყვეტილება 100 %-ით აისახოს რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე, რადგან არსებობს სხვა გზები, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში, მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ვლადიმერ პუტინის ბრძანებას საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლოა, ჰქონდეს უარყოფითი ზეგავლენა, თუმცა ეს იქნება მოკლევადიანი.

„ბუნებრივია, რაღაც უარყოფითი ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ მცირევადიანი, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. საქართველოს გამოუვლია გაცილებით რთული პერიოდი, როდესაც რუსეთის მხრიდან გვინახავს ტოტალური ემბარგო, მაგრამ ამან არათუ დააქცია და გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, არამედ პირიქით, გააძლიერა საშუალოვადიან პერსპექტივაში.

არ ვვარაუდობ, რომ რაიმე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი მოჰყვება ამას, მაგრამ ამაზე პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი. პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს თავის ინტერესების დაცვა და არ დათმოს  სუვერენიტეტი. მეორე პასუხი არის ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამას ვუკიჟინებთ ხელისუფლებას ბოლო შვიდი წელია, რომ არ მიაბას ქართული ეკონომიკა რუსულს, არც ვაჭრობის მხრივ, არც ტურიზმის და არც სხვა მიმართულების. ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, დივერსიფიკაცია და იმაზე ორიენტირება, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ტურისტები.

გარდა ამისა, არ მგონია,  პუტინის გადაწყვეტილება 100 %-ით აისახოს რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე, რადგან არსებობს სხვა გზები, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში, მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.