სერგი კაპანაძე - ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე არჩილ თალაკვაძის ვითომ გაბრაზება სინამდვილეში მორიგი პროპაგანდის ტალღის ურცხვად აგორებაა
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც თალაკვაძემ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერის“ პოსტზე კომენტირებისას გააკეთა.
სერგი კაპანაძის თქმით, არჩილ თალაკვაძის ვითომ გაბრაზება კიდევ ერთი პროპაგანდის ტალღის აგორებაა.
„მე ვნახე ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში კი ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორება, თითქოს ჩვენმა მეგობარმა კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯზე საუბარი არის სირცხვილი. ამ დროს ბატონი კუბილიუსი საუბრობს იმაზე, რომ ორი საჯარო მოხელის დაპატიმრება, მათთვის დაბრალება, რომ ტერიტორიები გადასცეს სხვა ქვეყანას და ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ამ ვითომ გარე საკითხზე, არის სირცხვილი. მართლა სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მის ირგვლივ არსებული კლოუნების მთელი კასტა ჩაება ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში, წირავენ ორ უდანაშაულო ადამიანს და აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ერთადერთი მიზნით, რომ თვითონ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება. ეს ყველაფერი აუცილებლად აუფეთქდებათ და ცხვირში მოხვდებათ ამ არჩევნებზე. ყველანი ერთად მათ დავამარცხებთ და ამ ქვეყანაში მართლა დაიწყება ცვლილებები, რომ ასეთი ურცხვი ხელისუფლება აღარასოდეს ჰყავდეს საქართველოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.