სერგი გვარჯალაძე - დარწმუნებული ვარ, „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტი წარმატებული იქნება
სერგი გვარჯალაძე - დარწმუნებული ვარ, „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტი წარმატებული იქნება

„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ღამის საათებში თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხის მოგვარება იქნება.

როგორც „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, მსგავსი პროექტები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და ის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მენეჯმენტის ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით, სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებს დააკავშირებს.

„თბილისში ღამის ეკონომიკა, ბოლო წლებია, ინტენსიურად ვითარდება. დარწმუნებული ვარ და ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ეს იქნება წარმატებული პროექტი. ამით ისარგებლებს, როგორც ქალაქის მოსახლეობა, ისე ბიზნესი. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის, ქვეყნის პოზიციონირების, კულტურის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

მისი თქმით, დაგეგმილია ქალაქში 18:00 საათიდან 06:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხის მოგვარება, მცირე ბიზნესის დახმარება მარკეტინგული ნოუჰაუს და მათთვის ბიზნესის განვითარების მიზნით ხელშეწყობა, ასევე, აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

„ხმაურის პრობლემა არსებობდა ქალაქში და ამ საკითხსაც გავუწევთ მონიტორინგს“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.