კახა კალაძე - იმედი მაქვს, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის განხორციელებაში ბიზნესიც ჩაერთვება
კახა კალაძე - იმედი მაქვს, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის განხორციელებაში ბიზნესიც ჩაერთვება

„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის განხორციელების საკითხში ბიზნესის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პროექტის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტი ქალაქის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მის განხორციელებაში აუცილებელია ყველას ჩართულობა, მათ შორის ბიზნესის.

„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია.

ამ პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გავა. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, რადგან როცა ვსაუბრობთ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, აქ საუბარია, რომ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ამაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ბიზნესის თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება მუნიციპალური ტრანსპორტის ჩართულობის საკითხი, ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოების საკითხები, რაშიც მერია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ასევე, მოიაზრება კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება.

„რაც მთავარია, დედაქალაქის სხვადასხვა უბნის განვითარება და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენება. არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე და  ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს თანაბრად“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციები იყო, მათ შორის შესაძლოა, მიზანმიმართულადაც. შესაბამისად, დღევანდელ პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება, პროექტის კონცეფცია და ხედვა, სხვა ქვეყნის მაგალითები, დაგეგმილი ღონისძიებები.

„იმედი მაქვს, ბიზნესიც ჩაერთვება და მხარში დაგვიდგება ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განვითარების საკითხში სარეკლამო ინდუსტრიის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მჯერა, ამ პროექტს განვახორციელებთ და ჩვენი ქალაქი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.