სერგეი სუროვიკინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართა და მოუწოდა, შეჩერდნენ, ვიდრე გვიანი არ არის
უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართა და მოუწოდა, შეჩერდნენ, ვიდრე გვიანი არ არის.
„მივმართავ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელობას, მეთაურებსა და მებრძოლებს. ჩვენ ერთად გავიარეთ რთული, მძიმე გზა, ერთად ვომობდით, მივდიოდით რისკებზე, განვიცდიდით დანაკარგებს, ერთად ვიმარჯვებდით, ჩვენ ერთი სისხლის ვართ. ვიდრე გვიანი არ არის, საჭიროა და აუცილებელია ამის გაკეთება – დაემორჩილეთ რუსეთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტის ნებას და ბრძანებას. შეაჩერეთ კოლონები, დააბრუნეთ ისინი ბაზებსა და დისლოკაციის ადგილებში“, – განაცხადა სერგეი სუროვიკინმა ვიდეომიმართვაში.
ამასთან, სუროვიკინის ვიდეომიმართვის შემდეგ გავრცელდა რუსი გენერლის, ვლადიმირ ალექსეევის განცხადება. სუროვიკინის მსგავსად, რუსი გენერალი „ვაგნერის“ მებრძოლებს შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„ახლა რა განზრახვებიც არ უნდა გქონდეთ, ეს არის ქვეყნისა და პრეზიდენტისთვის ზურგში დარტყმა. მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, დანიშნოს უმაღლესი სამხედრო მეთაური, თქვენ კი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობთ. ეს არის სამხედრო გადატრიალება“, – აღნიშნა რუსმა გენერალმა.
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამას მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. „ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადამეღობება“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.
პრიგოჟინის ბრალდება უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაცია და აუდიომასალა კი ინფორმაციული პროვოკაციაა“. ამასთან, სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.