რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ევგენი პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ევგენი პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფს

ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაცია და აუდიომასალა ინფორმაციული პროვოკაციაა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საბრძოლო მისიების შესრულებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეხების ხაზზე, სპეცოპერაციის ზონაში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

„ჩვენი მებრძოლების, ჩვენი თანამებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა და საპასუხო მოქმედების პირობა დადო.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ შემდეგ გასამხედროებულ ჯგუფს უკრაინის ფრონტზე დააბრუნებს. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.

ევგენი პრიგოჟინმა გამოცხადებული კამპანიის მიზნად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გასამართლება დაასახელა. ამასთან, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო ხელისუფლება, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას“.

„ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა.