სერგეი ჩაპლიგინი - მცემდნენ, მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ცოლსა და ქალიშვილსაც დაიჭერდნენ და აწამებდნენ, ამიტომაც დავთანხმდი აღიარებას
ძლიერი ადამიანები მოდიოდნენ თავდაცვის სამინისტროდან, მცემდნენ და ითხოვდნენ, რომ მეღიარებინა დანაშაული. სპეციალური ხელთათმანები ჰქონდათ, რათა არანაირი კვალი არ დაეტოვებინათ, – ამის შესახებ 2011 წელს სერგო თეთრაძესა და სხვა პირებთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა სერგეი ჩაპლიგინმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.
ჩაპლიგინი სასამართლომ დაზარალებულის სტატუსით დაკითხა. ის დღეს პირველად, „სკაიპის“ საშუალებით დაკითხა, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.
„ბაჩო ახალაიას კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, სხვა ოთახში წამიყვანეს და დაკითხვა დაიწყეს. მაიძულებდნენ, მეღიარებინა ორი ეპიზოდი – თითქოს 2011 წლის მაისსა და 2002 წლის თებერვალში ლონდარიძემ გადმომცა საიდუმლო ინფორმაცია. მე ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ ამ პერიოდში წელიწად-ნახევარი საქართველოში არ ვიყავი და ვიფიქრე, გამიშვებდნენ, რაზეც მითხრეს, რომ წლებს შევცვლითო. ამით უკვე მივხვდი, რომ ყველა საქმე შეთითხნილი იყო და სხვა მიზნები ჰქონდათ.
ამის მერე 3-4 საათი გამომძიებელი მუშაობდა ჩემთან. მერე ძლიერი ადამიანები მოდიოდნენ თავდაცვის სამინისტროდან, მცემდნენ და ითხოვდნენ, რომ მეღიარებინა დანაშაული. ერთი წინ იდგა, ორი უკან. მათ სპეციალური ხელთათმანები ჰქონდათ, რომ არანაირი კვალი არ დაეტოვებინათ, თავის მიდამოებში, ტანზე მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სჯობდა, მეღიარებინა, ვინაიდან აქედან ცოცხალი ვერ გავიდოდი. ეს პროცესი დაახლოებით ორი დღე-ღამე მიმდინარეობდა. მითხრეს, ხელები დამეწყო მაგიდაზე, რათა მოეტეხათ. მადლობა გიორგი გურამოვიჩს, რომელიც შემოვიდა ოთახში და თქვა – არ მოატეხოთ ხელები, ის დაგვჭირდება, რომ მოაწეროს აღიარებას ხელიო.
მე მივხვდი, რომ ეს იყო შეთითხნილი საქმე და ცოცხალს არ გამომიშვებდნენ. მერე გამომძიებელმა მითხრა – აი, დაიჭირეს ლონდარიძე, ის მიცემს ჩვენებას და ყველაფერი დამთავრდა. მერე გააღეს კარები და მასმენინებდნენ იქითა ბოლოში, ოთახში ქალისა და მამაკაცის კივილს, წამების ხმას დაახლოებით 40 წუთი. ამ ხმებს მასმენინებდნენ იმიტომ, რომ მითხრეს – ერთი ჯგუფი შენს ქალიშვილთან, მეორე შენს ცოლთან წავა და თუ არ აღიარებ, იმათაც დავაკავებთ თანამონაწილეებთან და ეს ემუქრებათო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჯობდა, მე წავსულიყავი ციხეში, ვიდრე ჩემი ქალიშვილი.
მერე მე ვუთხარი მეგის ქარდავას, რომ ჩემს ქალიშვილს პატარა ბავშვი ჰყავს-თქო. მან მითხრა, რომ სახელმწიფო იზრუნებს მასზეო. ამის მერე დავემორჩილე მათ.
მერე მოიყვანეს ლონდარიძე და მითხრეს, რომ რასაც ის იტყვის, ყველაფერი უნდა დაადასტუროო“, – განაცხადა სერგეი ჩაპლიგინმა.
დაზარალებულის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბაჩო ახალაიასთან მიიყვანეს, რომელმაც შეაქო. სერგო თეთრაძე და გია გორელაშვილი კი პირველად სასამართლოში ნახა.
„მას შემდეგ, რაც ყველაფერს დავეთანხმე, მიმიყვანეს ახალაიასთან და მითხრა – ყოჩაღ, შენს ოჯახს აღარაფერი ემუქრებაო. ამის შემდეგ წამიყვანეს სასამართლოში, მომცეს საბუთები, გვიანი იყო. იქ ვნახე პირველად თეთრაძე და გორელაშვილი. ისინიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც მე.
დარბაზში, პროკურორისა და მოსამართლის გარდა, არავინ ყოფილა. სასამართლო მალე მორჩა და პირდაპირ წაგვიყვანეს კარანტინში. იქ მცემეს და ამით ყველაფერი დამთავრდა.
40 დღე ვიყავი კარანტინში. მე ვთხოვე ოფიცერს, რომ ეთქვათ ოჯახისათვის, თუმცა ოჯახმა არაფერი იცოდა. ჩემმა ოჯახმა დაიქირავა ადვოკატი, რომელმაც მე მიპოვა. ისინი პოლიციაშიც წერდნენ განცხადებებს, მაგრამ პოლიცია არავითარ ცნობას არ იძლეოდა.
ამნისტიის შემდეგ, წელიწადისა და ხუთი თვის შემდეგ დამიბარეს მთავარ პროკურატურაში და მივეცი ჩვენება“, – განაცხადა სერგეი ჩაპლიგინმა.
რაც შეეხება სერგო თეთრაძეს, ჩაპლიგინის თქმით, ის მხოლოდ სასამართლოში ჰყავს ნანახი.
„მე სერგო თეთრაძე მხოლოდ სასამართლოში ვნახე. შემდეგ, როცა შედგა ჩემი შეხვედრა ადვოკატთან, მითხრა, რომ სერგო გარდაიცვალა. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა თეთრაძესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩაპლიგინმა.