სექსუალური შევიწროების საკითხებზე საზოგადოებრივ მაუწყებელში ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩატარდა
სექსუალური შევიწროების საკითხებზე საზოგადოებრივ მაუწყებელში ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრა საქართველოს პირველი არხისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო. განიხილეს სექსუალური შევიწროების ცნება, ფორმები და მასთან დაკავშირებული საკითხები.
ორგანიზაციაში დამტკიცებულია სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. დოკუმენტი მიზნად ისახავს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონსულტანტის, გოგა ხატიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება სექსუალური შევიწროების საკითხებზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ სექსუალური შევიწროების ფენომენი, სექსუალური შევიწროების ცნება და ძირითადი ელემენტები, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციას ჰქონდეს გაცხადებული პოლიტიკა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა ხატიაშვილმა.
ფოტო – ლევან გოცაძე