ლიზა კოვაკი – USAID-ი ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“, ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლების დახმარებაზე, მხარს უჭერს საკითხებს, რაც ქართველებს აინტერესებთ
„კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა, – ამის შესახებ USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა განაცხადა.
მისი თქმით, USAID-ი ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.
„„კანვასი“ არის ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა. ტრენინგი ეფექტურად უჭერს მხარს საკითხებს, რომელიც ქართველებს აინტერესებთ“, – განაცხადა ლიზა კოვაკმა.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს.
არსებული ინფორმაციით, სერბეთის სამივე მოქალაქე ორგანიზაცია „კანვასის“ წევრია. ისინი გამოკითხვაზე მისვლამდე იმყოფებოდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ცნობილია, სემინარის მთავარი თემა იყო „სამოქალაქო აქტივიზმი“.