საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ დღეს კომისიამ დავით ნარმანია აირჩია.
მის კანდიდატურას კომისიის ოთხივე წევრმა დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ.
სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.