სემეკი - მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება
სემეკი - მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება.

სემეკ-ში განმარტავენ, რომ ნეტო აღრიცხვაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პირი ერთვება.

„ნეტო აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ძირითადი მიზეზია ორი გარემოება. ერთი არის სუფთა მწვანე ენერგია. სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ენერგიის წყაროების ინსტალაცია. ძალიან მარტივია მისი დაყენება როგორც ოჯახში, ასევე კომერციულ ობიექტზე. გარდა ამისა, ჩვენ ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება გავატარეთ, რათა ინტერესი უფრო გაზრდილიყო. ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო განვავითარეთ ნეტო აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმები. ცვლილებების მიხედვით, 100-დან 500 კილოვატამდე გაიზარდა ერთ აბონენტზე დადგმული სიმძლავრის მოცულობა. გარდა ამისა, შესაძლებელია, სადგური დაამონტაჟოთ სხვაგან და ენერგია სხვა ადგილას გამოიყენოთ. ქსელში გატარებაზეც არსებობს ქსელური ტიპის შეღავათები. ამდენად, ბოლო პერიოდში სისტემაში ბევრი სუბიექტი ჩაერთო. თუ 2016-2020 წლებში დადგმული სიმძლავრის მოცულობა 3,5 მეგავატს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 27 მეგავატს აჭარბებს. დადგმული სიმძლავრის 1/3 თბილისზე მოდის, დანარჩენი 2/3 რეგიონებზე“, – აცხადებს სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

ინფორმაციისთვის, ნეტო აღრიცხვა გულისხმობს იმას, რომ თუ მოქალაქე ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, აქვს შესაძლებლობა, პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ კომპანიას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, მოქალაქეს ეს საშუალებას მისცემს, დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება, დაზოგოს კომუნალური ხარჯები, და მეტიც, მიიღოს სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან.