სემეკ-მა „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში დარღვევები გამოავლინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის შედეგებს გამოაქვეყნებს.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 10 კომუნალური სერვისის კომპანიის მომსახურების პროცესი შემოწმდა. დაკვირვება განხორციელდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყალისა“ და შპს „ბათუმის წყალის“ მიერ მომხმარებლებზე გაწეულ მომსახურებების პროცესზე, ასევე სემეკ-ის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.
როგორც კომისიიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, კომპანიების მხრიდან არაერთი დარღვევა გამოვლინდა და სწორედ ამ დარღვევებზე იქნება დღევანდელ სხდომაზე საუბარი.
სემეკ-ის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება, რომელსაც კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.