დავით ნარმანია - პლატფორმა, რომლითაც მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გამოანგარიშება და სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარის თქმა შეეძლებათ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირისთვის მზად იქნება 
დავით ნარმანია - პლატფორმა, რომლითაც მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გამოანგარიშება და სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარის თქმა შეეძლებათ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირისთვის მზად იქნება 

სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება, გამოიანგარიშოს გახარჯული გაზისა და ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხა და ასევე, უარი თქვას ამ გადასახადის სახელმწიფო მიერ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, დაფინანსებაზე უარის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც აბონენტზე გადასახადის დარიცხავს ჩვეულებრივი წესით განახორციელებენ.

„პლატფორმა იქნება ელექტრონული ფორმატის, ვებგვერდზე, მას ექნება ორი მთავარი ფუნქცია. ერთი კალკულატორი, ანუ მომხმარებელს ექნება საშუალება, გამოიანგარიშოს გადასახდელი თანხა ან თანხა, რომელიც მას კომუნალური სუბსიდიის სახით აქვს დარიცხული და მეორე ფუნქცია, უარის თქმა, რომ სახელმწიფომ დაუფინანსოს კომუნალური გადასახადები. ამის შემდეგ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომ მათ დარიცხვა ჩეულებრივი წესით განახორციელონ ამ აბონენტზე და გაუგზავნონ ქვითარი გადახდის მიზნით“, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმაზე მუშაობა სემეკ-მა გუშინვე დაიწყო.

„პლატფორმაზე გუშინვე დავიწყეთ მუშაობა, როგორც კი სახელმწიფო კანცელარიიდან მივიღეთ თხოვნა, რომ მოგვეფიქრებინა ისეთი მექანიზმი, რომელიც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პირებს სახლიდან გაუსვლელად მისცემდა საშუალებას, სურვილის შემთხვევაში უარი ეთქვათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე და ამით დაეზოგათ გარკვეული საბიუჯეტო სახსრები, რომელიც შესაძლოა, ამ ძნელბედობის ჟამს მთავრობამ გამოიყენოს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებაზე“, – განაცხადა სემეკ-ის ხელმძღვანელმა.

დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ პლატფორმა მომდევნო კვირაში მზად იქნება.

„ვვარაუდობთ, რომ მომდევნო კვირისთვის უკვე იქნება პლატფორმა და მივაწვდით აუცილებლად მომხმარებელს ინფორმაციას, რომელ ვებგვერდებზე გათავსდება ის, სად შეეძლებათ, ნახონ და განახორციელონ შესაბამისი ქმედებები“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მომხმარებელს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.