სემეკ-მა კომპანიებს დარღვევების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მისცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში შემოწმდა საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 10 კომუნალური მომსახურების კომპანიის სერვისების შესაბამისობა სემეკ-ის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
კომისიის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა ახალი დარღვევები, ასევე გადამოწმდა წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და მათი აღმოფხვრის მიზნით სემეკ-ის მიერ კომპანიებისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი.
როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, ანგარიშის შედეგებით დასტურდება, რომ კომპანიებმა ნაწილობრივ გამოასწორეს წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევები. ახალი და განმეორებითი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს სემეკ-მა ერთთვიანი ვადა განუსაზღვრა.
2019 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით წარმოებული „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში შემოწმდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებელზე გაწეული კომუნალური სერვისების პროცესი. დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრისა და ტექსტური შეტყობინების შინაარსის/მიღების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე.