სელექტიური კონტრაქტირების საკითხზე ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
სამედიცინო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა, სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული.
„სელექტიური კონტრაქტირება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი.
მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ – მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება კლინიკების მონაწილეობა სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში, კერძოდ, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მართვა და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პროცესი.
სელექტიურ კონტრაქტირებას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სელექტიური კონტრაქტირების პრინციპი საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისებასაც ითვალისწინებს.