სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდასაჭერ ფართო პროექტს გეგმავს
სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდასაჭერ ფართო პროექტს გეგმავს

საქართველოს მხარდაჭერის ფართო პროექტს ვგეგმავთ, რომლის კონკრეტული ციფრების დასახელებას სავარაუდოდ მალე შევძლებთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში „კოვიდ 19“-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენა განიხილეს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ეკონომიკაზე.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის 2020 წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში წარმოდგენილი რამდენიმე საპროგნოზო სცენარის მიხედვით, წელს რეგიონსა და მათ შორის, საქართველოშიც მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნაა (მშპ) მოსალოდნელი.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განმარტებით, მსოფლიო ბანკი, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს მხარდაჭერის ფართო პროექტზე მუშაობს, რომელიც ქვეყანას პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

„ჩვენ ინტენსიურ დიალოგს ვაწარმოებთ მთავრობასთან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისევე, როგორ განვითარების მიმართულებით მოღვაწე სხვა პარტნიორებთან და საქართველსთვის მტკიცე ფინანსური მხარდაჭერის პროექტის შემუშავებას ველოდებით. სავარაუდოდ საკმაოდ მალე შევძლებთ კონკრეტული ციფრები გავაცხადოთ. მხარდაჭერის ფართო პროექტს ვგეგმავთ, რომელიც გადაუდებელ საჭიროებებზე იქნება მიმართული, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკის აღდგენის პროცესს პანდემიის შეჩერების შემდეგ. აქცენტი გაკეთდება, ერთი მხრივ, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე, მეორე მხრივ, ბიუჯეტის მხარდამჭერ დამატებით ოპერაციაზე, რაც უშუალოდ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას მოემსახურება. მესამე მიმართულებაა სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის აღდგენის პროექტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე“, – განუცხადა სებასტიან მოლინესუმა „ბიზნესპარტნიორს“.