საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

ცხრა წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორი თინათინ რუხაძე, ხოლო კომისიის მდივნად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძე აირჩიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ დღესვე კომისიის დებულება შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.

16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით გამოცხადებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა−მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრის-მეურვის კანდიდატურა. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისია წარადგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ რუხაძემ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 3 მარტის ჩათვლით, ხოლო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა პარლამენტმა 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.​

დატოვე კომენტარი