საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირინა ფუტკარაძე აირჩიეს.
ირინა ფუტკარაძე თანამდებობაზე სამი წლის ვადით დაინიშნა. მას საბჭოს სხდომაში მონაწილე რვა წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, დღეს მისი არჩევაც იყო დაგეგმილი, რადგან მოქმედ თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 17 აპრილს ეწურება.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა არ შედგა, რადგან კანდიდატად დასახელებულმა საბჭოს წევრებმა, გია ნიჟარაძემ და გიორგი იაკობაშვილმა საკუთარ კანდიდატურას აცილება მისცეს.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განმარტებით, საბჭო დღეს მოქმედი შემადგენლობით გააგრძელებს კონსულტაციას, რათა თავმჯდომარის ახალი კანდიდატი შეირჩეს, თუ 17 აპრილამდე ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ მოესწრო, მის უფლებამოსილებებს ირინა ფუტკარაძე შეასრულებს.