საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა, რომელზეც საქართველოს პირველი არხის გუნდმა და UN Woman-ის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, ორგანიზაციაში მსგავსი ფაქტების პრევენციას და მოიცავს მექანიზმს შესაბამისი რეაგირებისათვის.
„ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობისას, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია რეალური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც იმ გარემოს, სადაც ვსაქმიანობთ, უკეთესს და უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ერთი მხრივ, ყველა პლატფორმაზე აქტუალური თემების გაშუქებით და პროექტების განხორციელებით უწყობს ხელს ქალთა გაძლიერებას, მეორე მხრივ კი, ორგანიზაციული გადაწყვეტილებებით და ქმედითი ნაბიჯებით“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ცნობიერების ამაღლებისა და დოკუმენტის დეტალურად გასაცნობად დაგეგმილია ტრენინგები, რომელსაც აღნიშნული საკითხის მცოდნე, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონსულტანტები გაუძღვებიან.
საზოგადობრივი მაუწყებლისთვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც არაერთი მიმართულებით მუშაობს როგორც სამაუწყებლო პლატფორმებზე (ტელევიზია, რადიო, ციფრული პლატფორმები) შესაბამისი კონტენტისა და პროექტების შექმნით, ასევე ორგანიზაციული გადაწყვეტილებებითა და მიდგომით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ყველა გადაცემაში ინტეგრირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხი. მიმდინარე გადაცემებში შუქდება ამ მიმართულებით აქტუალური და პრობლემური თემები, ასევე საუკეთესო მაგალითები, წარმატების ისტორიები.
საქართველოს პირველი არხის მიერ 2019 წლის აპრილიდან დაინერგა მონიტორინგის სისტემა, რომელიც უნიკალური პროგრამის (©2019 – TvAnalytics) საშუალებით უზრუნველყოფს მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე გაშუქებული თემებისა და სუბიექტების რაოდენობრივ აღრიცხვას.
აღნიშნული სისტემის საფუძველზე დამუშავდა გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაშუქებული ინფორმაცია მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე:
• პირველი არხი
• საქართველოს რადიო
• ტელესკოლა
• ვებგვერდი – 1tv.ge
• პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ (ტელევიზია და ვებგვერდი)
აღნიშული მიმართულებებით გაშუქებული თემების რაოდენობა პლატფორმების მიხედვით 2021 წელს.
სხვადასხვა პლატფორმაზე სისტემატურად შუქდება თემები, რომლებიც მიმართულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით. შემეცნებით-საგანმანათლებლო და სხვა პროგრამებით მაუწყებელი ხელს უწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.
გენდერული ბალანსის დასაცავად, საქართველოს პირველი არხი „ბიბისისთან“ თანამშრომლობით პროექტს „50:50“-ზე ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს უახლოეს წლებში მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს ეთერში – რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ონლაინპლატფორმაზე.
ევროპის ქვეყნების რამდენიმე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, „ბიბისის“ მიერ ორი წლის წინ დაწყებულ პროექტს პირველი არხიც შეუერთდა. პროექტის მიზანია ყველა პლატფორმაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. BBC-მ პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილში დაიწყო და მას შემდეგ ევროპის არაერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში. ბოლო წლის განმავლობაში, პარტნიორთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად პროექტს 70 ორგანიზაცია 20 ქვეყანაში ახორციელებს.
„ბიბისისთან“ ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული პროექტი საქართველოს პირველ არხზე რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.
პროექტი „50:50“ მონაცემთა შეგროვების, გაზომვის, დამუშავების და შემდგომ დაგეგმვის წყალობით უზრუნველყოფს მაუწყებლის კონტენტში ქალებისა და კაცების სამართლიან რეპრეზენტაციას და გენდერული ბალანსის საუკეთესო შესაძლო მაჩვენებლის მიღწევას.
პროექტის „50:50“-ზე დანერგვის პროცესში გაიმართა არაერთი შეხვედრა BBC-ის წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად იყო განხილული პროექტის მეთოდოლოგია და მისი ადაპტირება საქართველოში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტის განხორციელება, პირველ ეტაპზე, საქართველოს რადიოში დაიწყო, იგივე მეთოდოლოგიით, რომელსაც თავად პროექტი „50:50“ იყენებს. ამ ეტაპზე გენდერული წარმომადგენლობა იზომება რადიოს ყველა გადაცემაში, გარდა მუსიკალური საშემსრულებლო გადაცემებისა, რომელთა ფორმატიც არ ითვალისწინებს სტუმრების ჩართულობასა და საინფორმაციო გამოშვებებს, რომელთა ქრონომეტრაჟიც 5-10 წუთია (თითოეული გამოშვების) და უმეტესად წამყვანის მიერ წაკითხულ ტექსტს და ციტირებას მოიცავს. აღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, გაზომვის ინდიკატორები არის აბსოლუტურად ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკა, რომლის ანალიზიც ხორციელდება პერიოდულად და საშუალებას იძლევა, სარედაქციო დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს გენდერული თვალსაზრისით სტუმრების გადანაწილება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში მაქსიმალური ყურადღება ექცევა გენდერულ თანასწორობას. პერსონალის შერჩევის პროცესში არ ხდება კანდიდატებისთვის უპირატესობის მინიჭება გენდერის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სამუშაო კომპეტენციების შეფასებაზე დაყრდნობით (რასაც მოწმობს მაუწყებლის სავაკანსიო განაცხადები). მეტიც, მაუწყებელი წაახალისებს სტაჟირების პროგრამებზე ქალი წარმომადგენლების დასაქმებას მასკულანურად მიღებულ სამუშაო როლებზე (მაგალითად, ოპერატორი, მემონტაჟე და. ა.შ). ასევე, თანამშრომლების სწავლებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებისას ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომ ყველა თანამშრომელს კომპეტენციებზე დაყრდნობით მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა.
პოზიციების მიხედვით კი, გენდერული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო ორგანიზაციის ბაზაზე ვიდეოოპერატორის სტაჟირების პროგრამაში გოგონების ჩართვა; მაუწყებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას მრავალი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, მიზანი სწორედ გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისებაა.
მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლიდან გენდერულ თანასწორობაზე მომზადებული ანგარიში All Things Being Equal უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ანგარიშზე პირველი არხის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფი მუშაობდა, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება.
გენდერული თანასწორობის ანგარიში სახელწოდებით All Things Being Equal საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც აგებულია EBU-ს წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზე და მოუწოდებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საკუთარი ორგანიზაციების მონაცემების გადახედვა ამ მიმართულებით და იმოქმედონ გენდერული ბალანსის მისაღწევად.
ანგარიში ევროპის მაუწყებელთა კავშირის 83-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. ანგარიშის წარდგენაში მასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს EBU-ს პრეზიდენტმა/BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა და EBU-ს გენერალურმა დირექტორმა ნოელ კურანმა.