თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე გენდერულ თანასწორობაზე ანგარიში წარადგინა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 83-ე გენერალურ ასამბლეაზე, გენდერულ თანასწორობაზე ანგარიში წარადგინა.

ანგარიშზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფი, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდა. გენდერული თანასწორობის ანგარიში სახელწოდებით All Things Being Equal საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც აგებულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზე და მოუწოდებს გაერთიანების წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საკუთარი ორგანიზაციების მონაცემების გადახედვა ამ მიმართულებით და იმოქმედონ გენდერული ბალანსის მისაღწევად.

ანგარიშის წარდგენაში თინათინ ბერძენიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს  ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტმა/BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა ნოელ კურანმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ბალანსის ჯგუფის ხელმძღვანელად თინათინ ბერძენიშვილი თავად ტონი ჰოლმა წარადგინა და გენერალურ ასამბლეაზე მადლობა გადაუხადა საქმის მაღალ დონეზე შესრულებისთვის. ტონი ჰოლმა ასევე აღნიშნა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობა 2020 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 83-ე გენერალური ასამბლეა 5-6 დეკემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა. ასამბლეას ევროპის მაუწყებელთა კავშირის 56 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. ევროპის მაუწყებელთა კავშირის 116 წევრ ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოში მილიარდზე მეტი აუდიტორია ჰყავს და 56 ქვეყანაში 160-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობენ.