საზოგადოებრივი მაუწყებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მასალასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას „საქართველოს მედიაგარემო 2016-2020 წლებში“.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ წარმოდგენილი ნაწილი სცდება ობიექტურ შეფასებას და მოიცავს მსჯელობას იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომელთა მიმართ საზოგადოებრივ მაუწყებელს რიგი კითხვები აქვს და აღნიშნულის შესახებ უკვე მიმართა საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორს, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და მათ წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურად შექმნილი პროგრამის და პროფესიონალი მონიტორების ჩართულობით, ახორციელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს, რომლის შედეგებიც ქვეყნდება პირველი არხის ვებგვერდზე.
რაც შეეხება 2019 წელს NDI-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობის მაჩვენებლის მაგალითად მოტანას, გაცნობებთ, რომ ოქტომბერში კომპანია „სონარის“ მიერ ჩატარებული სატელეფონო კვლევის თანახმად, პირველი არხის მიმართ ნდობა ტელემაყურებელთა 36 პროცენტს აქვს, მეტიც, უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 16 პროცენტი მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ აღმოაჩნდა.
შეფასებაში არ აისახა და დოკუმენტის ავტორების მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რაც 2016-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას მოიცავს: ტექნიკური გადაიარაღება და ახალი შენობის მშენებლობის დაწყება; 2020 წელს საქართველოს პირველი არხის დაფინანსების 1/5 მიმართულია ქვეყნის შიდა ინდუსტრიის განვითარებისთვის; შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს სარედაქციო და ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს; პირველი არხის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობის შედეგად საქართველოში დაფუძნებულია რეგიონული სასწავლო ცენტრი.
მიმდინარე წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის არჩევის შემდეგ სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი გეგმების და პროექტების გაგრძელებაზე გამახვილდა ყურადღება, რაც ახალ სტრატეგიულ მიზნებთან და ამოცანებთან ერთობლიობაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
საქართველოს პირველი არხი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისას თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიღების წყაროდ იყენებენ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მასალას, გამოყენებამდე გადაამოწმონ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ინფორმაცია – როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, აღნიშნული დაკვირვებები მოკლებულია კომპეტენტურ შეფასებას და უფრო მეტად მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას.