საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და შპს „დაგის“ დირექტორმა, მიხეილ შარანგიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპის დაწყების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პირველი ეტაპი მშენებლობის კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილს მოიცავს.

შპს „დაგი“ არის საქართველოს პირველი არხის მიერ 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია. მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას N31-ში დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. მშენებლობის შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის მაისში გასცა. ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა კი, მაუწყებელმა საზოგადოებას შესთავაზა. პირველად ქართულ რეალობაში, შენობის დიზაინი და ვიზუალი ფეისბუქით შეირჩა. ღია კონკურსის გამარჯვებული შპს „თბილქალაქპროექტის“ მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადება გახდა. თანამედროვე დიზაინმა 14 227 ხმა და სპეციალური კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო. სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კომპანია „სიემსი“ უწევს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არხის განახლების პირველი ძალიან რეალური ეტაპი სწორედ დღეს დაიწყო.

„მნიშვნელოვანია, დავინახოთ ის სრული პროცესი, რომელიც პირველ არხზე 2017 წლიდან მიმდინარეობს. ეს ეხება ახალ შენობას, როგორც არქიტექტურულ ნაწილს, ასევე დღევანდელ ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ახალი მშენებლობის არქიტექტურული პროექტის მშენებლობის დაწყებას. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ტენდერის პროცედურები იყო საკმაოდ ხანგრძლივი და მიხარია, რომ საბოლოოდ მივაღწიეთ შედეგს.

პირველი არხის არქიტექტურული მშენებლობა არ არის მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, შინაარსობრივ ნაწილსაც მოიცავს და ზოგადად, ორგანიზაციის განახლების გრძელვადიან გეგმას უკავშირდება. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პირველი არხის განახლების პირველი ძალიან რეალური ეტაპი სწორედ დღეს დაიწყო“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

შპს „დაგის“ დირექტორმა, მიხეილ შარანგიამ კი აღნიშნა, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ჩატარდება.

„დღეს გავაფორმეთ ისტორიული ხელშეკრულება, კეთდება თაობების საქმე, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი. გავიმარჯვეთ ტენდერში, რომელიც გამჭვირვალედ ჩატარდა, გამოვლინდა გამარჯვებული – ჩვენი კომპანია, რომელსაც აქვს 15-წლიანი გამოცდილება და რაც მთავარია, სამუშაოები ხარისხიანად და დროულად ჩატარდება“, – განაცხადა მიხეილ შარანგიამ.

დატოვე კომენტარი