საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ავტომობილებით გადაადგილების პირობები ვებგვერდზე www.stopcov.ge გამოქვეყნდება
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ავტომობილებით გადაადგილების პირობები ვებგვერდზე www.stopcov.ge გამოქვეყნდება. ამის შესახებ დღეს პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა დღეს ვრცლად განმარტა, შეზღუდვების პირობებში ვის აქვს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების ნებართვა.
მისი თქმით, ობიექტების ხელმძღვანელობას, რომლებიც მუშაობენ და ჰყავთ პერსონალი ეს ინფორმაცია აქვთ, თუმცა საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის პირობები ვებგვერდზეც გამოქვეყნდება. მისი თქმით, საუბარია მაგალითად, კლინიკების თანამშრომლებზე, ექიმებზე, ფარმაცევტულ ობიექტებზე, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებზე და სხვა.
„მიუხედავად იმისა, რომ თავად ობიექტების ხელმძღვანელობას აქვს ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს მათი თანამშრომლების გადაადგილება, თუნდაც პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას მათ კლინიკაში ან ეწერებიან კლინიკიდან, ავტომობილით ყველა ამ პირის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, ამ ადამიანების უკეთ ინფორმირების მიზნით, ეს პირობები გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.stopcov.ge. დღის განმავლობაში იქნება ამ ვებგვერდზე ატვირთული და თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება, დეტალურად გაეცნოს ყველა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.