ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, შეზღუდვების პირობებში, რომელ პირებს აქვთ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების ნებართვა
ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, შეზღუდვების პირობებში, რომელ პირებს აქვთ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების ნებართვა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, თუ ვინ სარგებლობს დღეს იმ ნებართვებით, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდეს.

ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აუცილებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება.

ამიტომ, ჩიქოვანის განმარტებით, საჭირო იყო გადაადგილებაზე ნებართვის დართვა შესაბამისი წრისთვის.

„მაგალითისთვის, მინდა, ჩავუყვე იმ პირების სიას, იმ იურიდიული პირების, ვისაც აღნიშნული ნებართვები გააჩნიათ: საკვები პროდუქტებისა და სურსათის, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტების მიტანისა და მომსახურების სერვისები. მხოლოდ და მხოლოდ მაგალითისთვის გეტყვით, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეს ფუნქციონირებს 2835 აფთიაქი და მათ შორის, ოთხი დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი.

ასევე გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 5000-ზე მეტი სასურსათო ობიექტი, სასურსათო კვების მაღაზია და შესაბამისად, ამ მაღაზიების უზრუნველყოფას, ამ მაღაზიებში მომსახურე პერსონალს სჭირდება შესაბამისი სატრანსპორტო გადაადგილება.

1300-ზე მეტი პურ-ფუნთუშეულის საცხობი და საწარმო მაღაზია არის დღეს საქართველოში გახსნილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთგანის ყოველდღიურობისთვის. ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ფუნქციონირებს და მათ შორის არის 300-ზე მეტი საავადმყოფო, თავისი პერსონალით.

რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს სრულ პერსონალს. ასევე თქვენ იცით, რომ სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი მოქალაქეებიც თავისუფლად გადაადგილდებიან სამედიცინო ობიექტამდე და, რა თქმა უნდა, ასევე ექიმებსაც აქვთ საშუალება, რომ მათ მოემსახურონ ადგილზე, თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის გადაადგილდებიან ასევე ადამიანები. ისინი დღე-ღამის განმავლობაში ასრულებენ ფუნქციას და ეს არის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან ცნობადობის და ცნობიერების ამაღლება ამ ვირუსის პირობებში ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვები, ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოს ეკონომიკური აქტივობისა. თქვენ იცით, რომ ეს თავიდანვე დაშვებული ეკონომიკური აქტივობა იყო და ამას ჭირდება თავისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, საბაჟო პროცედურების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე სხვა პროცედურების უზრუნველსაყოფად.

შენობის საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილდებიან ავტომობილები, ბანკომატების, სწრაფი გადახდის აპარატების, ტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისთვის და ასევე ინკასაციისთვის.

კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებაც არის გამონაკლისებში. ასევე მიცვალებულების გადასვენებისა და დაკრძალვის მიზნით გადაადგილება, საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილება.

ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადაადგილება, რაშიც იგულისხმება როგორც ლიფტები, გაზსადენები და ასევე სხვა საყოფაცხოვრებო აუცილებელი ფუნქციები.

საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

თუმცა, აქაც გეტყვით, რომ თავიდანვე სახელმწიფომ მიიღო რეგულაცია, რომ მაქსიმალურად გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები და საჯარო მოხელეები, რომლებსაც აუცილებლად უწევთ ავტომობილით გადაადგულება. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, მათ შორის მოხუცებს, რათა ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ, როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე შესაბამისი მედიკამენტებით“ , – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.