მედიის ცნობით, ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა
მედიის ცნობით, ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა

ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეზღუდვები შეეხება ცემენტის, ალკოჰოლური ნაწარმისა და სანქციების მეოთხე პაკეტით აკრძალულ სხვა რუსული წარმომავლობის პროდუქციის შეტანას ევროკავშირის ტერიტორიაზე. შეზღუდვა 10 ივლისს ამოქმედდა.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახმელეთო ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ნაწილებს შორის არ შეჩერებულა და არ დაბლოკილა.

„მგზავრებისა და იმ საქონლის ტრანზიტი, რომელიც არ ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს – ლიეტუვას არ დაუწესებია რაიმე ცალმხრივი, ინდივიდუალური ან დამატებითი შეზღუდვები ამ ტრანზიტზე“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

17 ივნისს, ევროკავშირის სანქციების საფუძველზე ლიეტუვამ შეზღუდა ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონში, რასაც რუსეთმა ლიეტუვის მხრიდან „მტრული გადაწყვეტილება“ უწოდა და ლიეტუვა კალნინგრადის ოლქის ბლოკადაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ლიეტუვაში განაცხადეს, რომ რუსეთის ბრალდებები პროპაგანდის ნაწილია და ტრანზიტზე აკრძალვების დაწესება ევროკავშირის სანქციებით იყო გათვალისწინებული.

მოგვიანებით, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ იმუშავებენ იმის განსამარტად, როგორ უნდა გავრცელდეს სანქციები კალინინგრადში ტრანზიტზე.