საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი აცხადებს, რომ მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უკრაინაში სისხლისღვრა გამოიწვიოს
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია შესაძლოა, სისხლისღვრა და ძალადობა გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ იორკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
„ეს არის კონსტანტინეპოლის, ე.წ. მსოფლიოს პატრიარქის სავსებით არაკანონიკური ქმედება, რომელიც ყველანაირ საეკლესიო წესს არღვევს. მისი ქმედება მხოლოდ გააღრმავებს უკრაინაში მორწმუნეებს შორის არსებულ დაპირისპირებას. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს არის უკრაინისა და რუსეთის ერების კიდევ უფრო დაშორების პოლიტიკური გზა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ვითარების გამოსწორება და ეკლესიისა და მრევლის ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტანტინეპოლის პატრიარქი უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას გააუქმებს.
შეგახსენებთ, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს იანვრის დასაწყისში გამოსცემს.