რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ „მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება.

მისივე განცხადებით, პატრიარქი კირილი უახლოეს ხანში მიმართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და განუმარტავს, თუ როგორ იქნება ორგანიზებული ღვთისმსახურება პანდემიის პირობებში. ილარიონის განცხადებით, მორწმუნეების სააღდგომო მსახურებაზე დასწრების საკითხი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

მიტროპოლიტის თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ზიარების რიტუალი უახლოეს ხანში რუსეთის ეკლესიებში არ ჩატარდება. მისივე განცხადებით, თვითიზოლაციის დროს აღსარება შესაძლებელი იქნება ტელეფონით ან „სკაიპით“.

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა მორწმუნეებს, პანიკას არ აჰყვნენ და კარანტინში ყოფნის პერიოდი ლოცვისთვის გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება ეკლესიებში დახურულ კარს მიღმა ჩატარდება და მას მრევლი არ დაესწრება.