მეუფე მელქისედეკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას მიუღებლად მიიჩნევს
მეუფე მელქისედეკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას მიუღებლად მიიჩნევს

როდემდე და რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას.

ამასთან, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, არ იცის, როდის განიხილავენ ავტოკეფალიის აღიარების საკითხს სინოდის სხდომაზე.

„სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, ვინ, რატომ შეიძლება, არ უჭერდეს მხარს. რუსეთის ფაქტორს რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით, როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები? და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს. ხდება თუ არა მათი ინტერესების გათვალისწინება ზოგადად, არ ვიცი, რადგან სინოდი არ ყოფილა და ეს საკითხი არ განგვიხილავს“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.