ლაგოდეხში ფერმერებმა, საზამთროსა და ნესვის რეალიზაციის პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, აქცია გამართეს
საზამთროსა და ნესვის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ფერმერებმა ლაგოდეხში, სოფელ კაბალთან ახლოს აქცია გამართეს.
მათ ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ფერმერების თქმით, რეალიზების პრობლემა მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით საზამთროსადა ნესვის იმპორტი განხორციელდა და მათ პროდუქციას აღარავინ ყიდულობს.
„ტონობით მოყვანილი მოსავალი შესაძლებელია, გადასაყრელი გაგვიხდეს. დიდი რაოდენობით ყიდვის სურვილის შემთხვევაში, კილო საზამთროს 30 თეთრს ვაფასებთ, მაგრამ მყიდველი არავინაა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ფერმერმა.
ფერმერები აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მოსავალი ბანკიდან აღებული კრედიტით მოიყვანა, ახლა კი საბანკო ვალდებულებების გადახდა გაუჭირდებათ. ისინი ხელისუფლებისგან საზამთროსა და ნესვის იმპორტის შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.
ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია.