ინდოეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ინდოეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ინდოეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ დელის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ასევე დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველებიც, რომლებსაც ფერმერებმა ქვები ესროლეს.

დედაქალაქის შესასვლელები შემოსაზღვრულია მავთულხლართებით, ცემენტის ბლოკებით და ბარიერებით. გზაზე, სადაც ფერმერები გადაადგილდებიან, უსაფრთხოების ძალების ათასობით თანამშრომელია განთავსებული. ამჟამად საპროტესტო აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან.

ფერმერები მოსავალზე მინიმალური ფასის დაწესებას ითხოვენ. ისინი მთავრობას ორი წლის წინ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს.

2020 წელს ინდოელმა ფერმერებმა დელის გარშემო ავტომაგისტრალები გადაკეტეს. მათი ერთწლიანი პროტესტი ხელისუფლებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რის გამოც მთავრობამ უარი თქვა სოფლის მეურნეობის სფეროში სადავო რეფორმაზე, თუმცა ფერმერები აცხადებენ, რომ მათი დანარჩენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის. ისინი პროდუქტებზე მინიმალურ გარანტირებულ ფასს ითხოვენ, ასევე მთავრობას მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება მათი შემოსავლის გაორმაგების შესახებ და წინა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს.

ინდოელმა ფერმერებმა დელისკენ მსვლელობა გუშინ დაიწყეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გუშინაც გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, ჯამში, დაკავებულია, სულ მცირე, ათი ფერმერი. მთავრობა აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებებს სთავაზობს. ფერმერთა ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე თანახმა არიან.