სავარაუდო, მარტივი მიზეზი, რომლის გამოც, მარსზე სიცოცხლე ამ დრომდე ვერ ვიპოვეთ — #1tvმეცნიერება
სავარაუდო, მარტივი მიზეზი, რომლის გამოც, მარსზე სიცოცხლე ამ დრომდე ვერ ვიპოვეთ — #1tvმეცნიერება

მარსმავალები, რომლებსაც ბიოლოგიური კვალის პოვნა ევალებათ, სიცოცხლის მიკროსკოპულ ფორმებს შეიძლება უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ინსტრუმენტები ამ დავალებისთვის შესაფერისი არ არის.

დედამიწის უძველეს უდაბნოში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამჟამინდელ ტექნოლოგიებს ყოველთვის არ შეუძლია სიცოცხლის ხელწერის შემჩნევა ჩვენივე პლანეტის ზედაპირზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მარსზე.

კვლევის ავტორთა მტკიცებით, დიდი ხნის წინ მკვდარი „მიკრობული ბნელი მატერიის“ გამოვლენის საშუალებათა გაუმჯობესების გარეშე, მარსზე სიცოცხლეს ვერ დავაფიქსირებთ. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სიცოცხლე, რომელსაც ვეძებთ, იქ მილიარდობით წლის წინ არსებობდა, როდესაც წითელი პლანეტა თბილი და წყლიანი იყო.

ჩილეში, ატაკამის უდაბნოში არის უძველესი დელტის წარმონაქმნი, სახელად „წითელი ქვა“, რომელიც მოიცავს ჰემატიტითა და თიხის ქვით (არგილიტი) მდიდარ ქვიშასა და ქანებს. გეოლოგიურად ეს რეგიონი საკმაოდ ჰგავს მარსის ზოგიერთ ნაწილს; სწორედ ამიტომ, ასტრობიოლოგები ხშირად მას წითელი პლანეტის მოდელად იყენებენ.

როდესაც ჩილელმა მკვლევრებმა „წითელი ქვის“ მინერალოგია დღეისათვის არსებული საუკეთესო ინსტრუმენტებით შეამოწმეს, რაღაც უცნაური ნიშნები აღმოაჩინეს.

ხელსაწყო Next Generation Sequencing-ის საშუალებით მიღებულ გენეტიკურ მიმდევრობათა თითქმის ცხრა პროცენტი მოექცა „არაკლასიფიცირებულის“ კატეგორიაში, 40 პროცენტს კი არ შეიძლება მიენიჭოს რაიმე კონკრეტული კლასიფიკაცია, გარდა უმაღლესი ტაქსონისა, მაგალითად, რიგის ან დომენის.

ჩილეს ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, მათი აღმოჩენა მიუთითებს „ფილოგენეტიკური განუსაზღვრელობის უჩვეულოდ მაღალ ხარისხზე“.

ამ გაურკვევლობის წარმოსაჩენად, ჯგუფი ახალ კონცეფციას გვთავაზობს, რომელსაც ისინი „ბნელ მიკრობიომს“ უწოდებენ. ეს ტერმინი არსებითად აღნიშნავს მიკროორგანიზმებს, რომელთა დაფიქსირებაც მეცნიერებს გენეტიკური სეკვენირებით შეუძლიათ, იმის ცოდნის გარეშე, ზუსტად რა არიან ისინი.

„ამიტომ, წითელი ქვის ბნელი მიკრობიომი შეიძლება შედგებოდეს ნამდვილად ახალი ისეთი სახეობებისგან, რომლებიც დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. მაგრამ შეიძლება ისეც იყოს, რომ ასეთი ბნელი მიკრობიომი სინამდვილეში წარმოადგენდეს მიკრობულ სახეობათა რელიქტურ საზოგადოებას, რომელიც წითელი ქვის დელტაში შორეულ წარსულში ბინადრობდა და დღეს, მიმდევრობათა მონაცემთა ბაზებში მათი არც ერთი ნათესავი არ არის შეტანილი“, — წერენ მკვლევრები.

„წითელი ქვის“ ნიმუშები ასევე შეისწავლეს მარსზე გამოყენებული ან მისთვის განკუთვნილი მრავალნაცადი ინსტრუმენტებით, რამაც აჩვენა, რომ მიკროორგანიზმთა დაფიქსირება გაცილებით რთულია, შეზღუდულია ან უმეტეს შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელი.

შარშან, მარსმავალმა „პერსევერანსმა“ წითელი პლანეტის უძველესი მდინარის დელტაში ორგანული მასალის ძლიერი ნიშნები იპოვა.

ერთი წლით ადრე, მავალმა Curiosity-მ ქვიშაში და გამომშრალ ტალახში ორგანული მოლეკულების ნიშნები დააფიქსირა.

ასეთი აღმოჩენები იმედისმომცემია, მაგრამ ორგანული მასალა სიცოცხლის ეჭვგარეშე ნიშანი არ არის. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს მოლეკულები ბიოლოგიური წარმოშობის.

„ანალიზები ჩავატარეთ მრავალგზის გამოცდილი იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც ამჟამად მარსზე მუშაობს ან გაიგზავნება; გამოავლინა, რომ წითელი ქვის მინერალოგია ემთხვევა წითელ პლანეტაზე მყოფ ინსტრუმენტთა მიერ დაფიქსირებულს, მაგრამ ასეთივე დაბალი დონის ორგანული მასალების დაფიქსირება მარსის ქანებში ძნელი იქნება ან საერთოდ შეუძლებელი, გამოყენებული ინსტრუმენტების და მეთოდების შესაბამისად“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, შედეგები მიუთითებს, რომ უმნიშვნელოვანესია მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა, რათა საბოლოოდ გავცეთ პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა ოდესმე მარსზე სიცოცხლე.

უკვე წლებია, NASA-ს მარსიდან ნიმუშების ჩამოტანა სურს, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. ეს ისტორიული მომენტი 2030-იან წლებში დადგება, როდესაც სპეციალური მისია მავალ „პერსევერანსის“ მიერ აღებულ ნიმუშებს ჩამოიტანს.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.