სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია განიხილეს
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია განიხილეს

ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“ განიხილეს.

სავაჭრო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში, მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე 150-ზე მეტი მეწარმე-სუბიექტი შეიკრიბა და დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები.

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. მისი განცხადებით, თაფლის წარმოება პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომაც დარგის განვითარებისთვის, მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს, მათ შორის კოოპერატივების მხარდაჭერის. პალატის პრეზიდენტის თქმით, იმ ფონზე, როცა თაფლის ექსპორტისთვის ევროკავშირის ბაზარი გახსნილია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თაფლის მწარმოებელთა კოორდინაცია, რათა ევროპის მრავალმილიონიან ბაზარზე, შესაძლებელი გახდეს, ხარისხიანი პროდუქციის სტაბილური მიწოდება.

ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მზად არის, უფლებამოსილების ფარგლებში, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს თაფლის მწარმოებელ ბიზნესსუბიექტებს.

ამასთან, ღონისძიებაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე პასუხები მიეღოთ.