საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანების კონკურსში გამარჯვებულებს ორბელიანების სასახლეში ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გადაეცათ
საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანების კონკურსში გამარჯვებულებს ორბელიანების სასახლეში ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გადაეცათ

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანების კონკურსში გამარჯვებულებს ორბელიანების სასახლეში ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გადასცა.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში დაწესდა: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისთვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისთვის. საუკეთესო თარგმანებისთვის დაჯილდოვდნენ სტუდენტები: გიორგი ხულორდავა, გიორგი გაბელია, ელენე ელიოზიშვილი და ვალერი ოთხოზორია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები ასეთივე წარმატებით მომავალშიც გააგრძელებენ ამ საქმიანობას.

„საქართველოს სახელმწიფო და კულტურა თარგმნით იწყება. თუ არა ბიბლიის თარგმანები და შემდეგ მთელი ლიტერატურული თარგმანები, ჩვენ ეს საქართველო არ ვიქნებოდით. ჩვენ გვჭირდება თარგმანი იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა გავაცნოთ და ასევე, ქვეყნაში სხვისი კულტურა შემოვიტანოთ, გავეცნოთ და გავიზიაროთ. ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები – ილია, ვაჟა, ზვიად გამსახურდია, გერონტი ქიქოძე, ამავე დროს თარგმნიდნენ. ეს იმას უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თარგმანი.

და ძალიან მიხარია, რომ ეს ინიციატივა მივიღე და წამოვიწყეთ. მიხარია, რომ არიან სტუდენტები და მათ დაიმსახურეს ეს პრემია. ეს კონკურსი არ იქნება ერთჯერადი და მომავალ წელსაც ჩატარდება.

მომავალ წელს გვსურს, რომ პრემია ასევე გავცეთ არა მხოლოდ ქართულ ენაზე თარგმანებისთვის, არამედ ასევე ქართულიდან სხვა ენებზე თარგმანებისთვის. ვიცი, რომ ეს უფრო რთულია, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ასევე ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს მეცნიერებაში და მეცნიერული ლიტერატურის თარგმანი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ევროპელობა დავანახოთ მათ, ვისაც ჯერ არ დაუნახავს და ჩვენ თავსაც დავანახოთ, რადგან ზოგჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ლიტერატურა ყოველმხრივ და ყველა დარგში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.