პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სამწუხაროა, რა სისწრაფით გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა პიერ-ალექსანდრე კრევომ საქართველოს პოლიტიკური სივრცის მახინჯი და უღირსი თვისებები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სამწუხაროა, რა სისწრაფით გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა პიერ-ალექსანდრე კრევომ საქართველოს პოლიტიკური სივრცის მახინჯი და უღირსი თვისებები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პიერ-ალექსანდრე კრევოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.

მათივე განმარტებით, ალექსანდრე კრევო საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას არასდროს იკავებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პიერ-ალექსანდრე კრევოს საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ პიერ-ალექსანდრე კრევოსთან ინტერვიუს. საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება. ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი). ალექსანდრ კრევო 2019 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითიც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, დღეს განაცხადა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისივე შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას“.