საუდის არაბეთის პრინცმა აიათოლა ჰიტლერს შეადარა
საუდის არაბეთის პრინცმა აიათოლა ჰიტლერს შეადარა

ამერიკულ გამოცემა New-York Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

„ჩვენ ევროპის ისტორიიდან ვისწავლეთ, რომ ასეთ სიტუაციაში სამშვიდობო მოლაპარაკებები ამაო და უშედეგოა. აიათოლა ალი ჰამენეი არის ახლო აღმოსავლეთისთვის ისეთივე ფიგურა, რაც იყო ჰიტლერი ევროპისთვის“, – აღნიშნა მუჰამედ ბინ სალმანმა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის პრინცის შეურაცხმყოფელ განცხადებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა. საგარეო უწყების სპერსსპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი „ჩამოუყალიბებელი, არასანდო და ავანტიურისტი ადამიანია.“

„მე მას ვურჩევდი, უკეთ გაეცნოს ისტორიას და დიქტატორების ბიოგრაფიას და სჯობს, მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროს, ვინ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენ რეგიონს“, – განაცხადა ბაჰრამ ქასემიმ საუდის არაბეთის პრინცის მისამართით.

საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობა ირანის ისლამური რევოლუციის დროს დაიძაბა, ჩიხში კი 80-იანი წლებიდან შევიდა, როცა მექაში შიიტი მომლოცველები დახოცეს. 2016 წელს ახლო აღმოსავლეთის ორ გავლენიან სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყდა. მიზეზი შიიტი სასულიერი პირისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა იყო. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს ურთიერთსაპირისპირო ინტერესები სირიაში, იემენსა და ლიბანში.