Reuters - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ოჯახის წევრთა ნაწილი პრინც მუჰამედ ბინ სალმანისთვის ტახტის გადაცემის წინააღმდეგია
Reuters - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ოჯახის წევრთა ნაწილი პრინც მუჰამედ ბინ სალმანისთვის ტახტის გადაცემის წინააღმდეგია

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრთა ნაწილი პრინც მუჰამედ ბინ სალმანისთვის ტახტის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან მისი შესაძლო კავშირის გამო,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამეფო კართან დაახლოებულ სამ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ათობით პრინცი და ალ-საუდის ოჯახის გავლენიანი განშტოების წარმომადგენლები გეგმავენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მუჰამედ ბინ სალმანის მიერ ტახტის დაკავებას. თუმცა ისინი მოქმედებას არ გეგმავენ, ვიდრე საუდის არაბეთის 82 წლის მეფე სალმანი ცოცხალია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თავისი ფავორიტი შვილის წინააღმდეგ წავა.​სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამეფო ოჯახის წევრთა ნაწილი აპირებს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს მეფე სალმანის უმცროს ძმას, 76 წლის პრინც აჰმედს. ის თითქმის 40 წელია სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. როგორც სააგენტოს წყაროებმა განუცხადეს, მეფის ძმას საუდის არაბეთის ტახტზე უსაფრთხოების ძალები და ზოგიერთი დასავლური ქვეყანაც უჭერს მხარს.

მედიასაშუალება ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრისგან, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანისგან დისტანცირებას არ ჩქარობს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშის მიუხედავად, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება პრინცმა გასცა. თუმცა ეს დამოკიდებულება შესაძლოა, შეიცვალოს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს მიიღებს.

ამას გარდა, Reuters-ის ცნობით, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიმართ ზოგი ამერიკელი მაღალჩინოსნის განწყობა შეიცვალა არა მხოლოდ ხაშოგის მკვლელობასთან მისი სავარაუდო კავშირის გამო, არამედ იმის გამოც, რომ მან საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს რუსეთიდან იარაღის იმპორტის ალტერნატიული წყაროების შესწავლა დაავალა, მათ შორის რუსული ეს-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების.

შეგახსენებთ, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დამკვეთად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს მიიჩნევს.