საუდის არაბეთის მოკავშირე შეიარაღებულმა ძალებმა იემენში ჰოდეიდას აეროპორტი აიღეს
საუდის არაბეთის მოკავშირე სამხედრო დაჯგუფებამ იემენის ქალაქ ჰოდეიდაში ჰუსიტი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი აეროპორტი აიღო. შეირაღებული ძალები ნავსადგურისკენ დაიძრნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ იემენში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.
ჰოდეიდას ნავსადგური ის ადგილია, საიდანაც იემენში პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ნივთები, მედიკამენტები და საკვები შედის. აღნიშნულ რეგიონში 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების რჩევა, არ დაეწყოთ სამხედრო ოპერაცია ჰოდეიდას ნავსადგურში, უგულებელყვეს. რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეამბოხე ჰუსიტების წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო კოალიცია გააფრთხილეს, რომ სამხედრო მოქმედებები ჰოდეიდაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას შეაფერხებს, რაც კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
იემენში ომი 2015 წელს დაიწყო. ირანის მოკავშირე ჰუსიტების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ინიციატივით, სპარსეთის ყურის ქვეყნების კოალიცია შეიქმნა. შეიარაღებული კონფლიქტის პროცესში საუდის არაბეთმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ბლოკადაში მოაქცია, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
2015 წლიდან დღემდე, იემენში 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათი 90 პროცენტი მშვიდობიანი მოსახლეობაა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, იემენში 50 ათასი ბავშვი შიმშილობს. ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებამ და ბლოკადამ ქოლერის გავრცელებას შეუწყო ხელი. 2015 წლიდან დღემდე, იემენში 3 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა, 250 ათასი მეზობელ სახელმწიფოებში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს.