სატყეო სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, სოფელ ცედანის ტყეში ცეცხლის ღია კერები პრაქტიკულად აღარ არის
სატყეო სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, სოფელ ცედანის ტყეში ცეცხლის ღია კერები პრაქტიკულად აღარ არის

ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხა​ნძარს ამ დრომდე ებრძვიან. ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მოხალისეებთან ერთად რჩებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძრის კერა დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით არის დასახლებული ადგილიდან და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც სოფელ ცედანის და ცოცხნარას მოსახლეობა საუბრობს ხანძრის კერამდე გზა თითქმის მოუვალია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ღია კერები პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ძირითადად, ცოცხალი ძალა აქრობს ცეცხლს. ადგილზე იწვის ჩქერი. ადგილზე ასევე იმყოფებიან სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. სიტუაცია რთული რჩება, მაგრამ ვაკონტროლებთ. გაკეთებულია თხრილი სპეცტექნიკის გამოყენებით და ცეცხლის გადასვლის საფრთხე აღარ არსებობს“, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ცეცხლის კერა მიუვალ ადგილზეა.

„დილას ჩამოვედი. დიდი ცეცხლია. ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ და მუშაობენ. ცოცხალი ძალაც არის. მაშველებს რამდენიმე კილომეტრი ფეხით უხდებათ სიარული. ძლიერი ქარია და ეს ართულებს მდგომარეობას. ამ ტყეს საჩხერის რაიონის სოფელი ღოდორა ესაზღვრება. უნდა მიიღონ ზომები, რომ ხანძარი არ გავრცელდეს“, – განუცხადა პირველ არხს მერაბ გრიგალაშვილმა.