საგანგებო სიტუაციების სამსახური - ხაშურში, სოფელ ცედანში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის

ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა განაცხადა, სტიქიის ზონაში სამაშველო ძალების იგივე შემადგენლობა რჩება.

მისი თქმით, 220 მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისთვის, ცედანში 17 სახანძრო მანქანა და ვერტმფრენი მუშაობს. სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთო ექვსი ახალი ტყის მანქანა.

„ტყის მანქანა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სულ ახლახან შეიძინა, მართლაც ძალიან ეფექტურად ასრულებს იმ სამუშაოებს, რაც სახანძრო მანქანამ უნდა შეასრულოს ტყის პირობებში”, – ამბობს ალექსანდრე ხვადაგიანი.

15 წუთში ერთხელ, პრევენციის მიზნით ხდება სიტუაციის მონიტორინგი დრონების საშუალებით. სტიქიის ფართობი არ გაზრდილა.